თმის ფერის შეცვლა ან რამით გახალისება დიდი ხანია მინდოდა და ვერ ვბედავდი. ამასწინათ ჩემს ჯგუფელს თმაზე ხნა დაედო და გადავწყვიტე მეც ეს მეთოდი მეცადა.ხნით შეღებვა საკმაოდ უსიამოვნო პროცესი აღმოჩნდა სახლის პირობებში. მიღებული მასა იყო ძალიან არაკომფორტული გადასანაწილებელი თმაზე, ტანსაცმელიც მოვსვარე და მთელი სააბაზანო ოთახიც.

წასმის მერე თავი თბილად შევიხვიე და ერთი საათი გავიჩერე. მოცილება იყო ძალიან რთული. ქვიშასავით რაღაცები ძლივს მოვიშორე სავარცხლით.
შედეგი ცუდი არ არის, მზეზე ლამაზად ბზინვარებს. ხნას აქვს სამკურნალო თვისებები და თმას აჯანსაღებს.
ხნა (ინა) ყვავილოვანი მცენარია და სხეულის, თმის, ტყავის და ხის შესაღებად ბრინჯაოს დროიდან გამოიყენება.
გამყიდველების თქმით, დღეს ხნა თბილისში საკმაოდ პოპულარული ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ დეფიციტურია თბილისში და ბევრი ძებნა მომიწია. დეფიციტურობამ ფასიც გაზარდა, ერთი 80 თეთრად ვიყიდე ვაგზლის ბაზრობაზე, მეორე – 2.80–ად ვაგზალთან პარფიუმერულ მაღაზიებში, არადა, ცოტა ხნის წინ თითქმის ყველგან იშოვიდით, თანაც 80 თეთრად.
იყიდება წითელი და უფერო ხნა. თუმცა, როგორც ვიკიპედიაში წერია, ხნა მხოლოდ წითელ ფერს ტოვებს, უფერო და შავი ხნა სხვა ნივთიერებისგანაა დამზადებული ან ხნას აქვს სხვა რამ შერეული.
მოხმარების მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ ხნა სუფთა, ახალდაბანილ თმაზე უნდა წისვათ, ჯერ კიდევ ნესტიანზე. ხნის მოხმარების შემდეგ კი 6 თვე ქიმიური საღებავი არ წაისვათ.