Showing posts with label ფრჩხილების მოვლა. Show all posts
Showing posts with label ფრჩხილების მოვლა. Show all posts

Saturday, January 5, 2013

შილაკის მანიკური

Nail Bar-ში შილაკის მანიკურის პროცედურის ვაუჩერი ისე ვიყიდე, შილაკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. Shellac Creative Nail Design (CND)-ს მიერ წარმოებული ლაქია, რომელიც მინიმუმ ორი კვირა ძლებს. ლაკი არათუ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს ფრჩხილებს. ერთ-ერთ სტატიაში ლაქის შესახებ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: The slick new polish is the buzz of the manicure industry. შილაკით მანიკურის გაკეთებას თავისი წესები აქვს, რომელიც დეტალურადაა ნაჩვენები ვიდეოში. პირველ რიგში, შილაკის გაკეთებას თუ გადაწყვეტთ, ფრჩხილები არ უნდა გაიკეთოთ კლასიკურად (ნუნების წყალში დალბობით). ნუნების მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სითხე, მაგალითად ეს ფრჩხილები გაკეთების შემდეგ შეგიძლიათ გაიშროთ სპეციალურ ლამპაში, როგორიც ნაჩვენებია ვიდეოში.ასეთი ლამპების ფასი ამაზონზე 20$-დან იწყება. ლამპის გარეშე შილაკი უბრალოდ არ შრება. ფრჩხილების გაკეთების შემდეგ, წაისვამთ ფრჩხილების დამცავს (shellac-ის Basa), შემდეგ ლაკს(ერთხელ ან ორჯერ, როგორც მოგწონთ), შემდეგ ლაკის დამცავს (Shellac top coat). რამდენჯერაც სითხეს წაისვამთ, ყოველთვის უნდა გამოაშროთ ფრჩხილები. Shellac top coat ფრჩხილებს წებოვანს გახდის, ამიტომ ფრჩხილები შეგიძლიათ აცეტონით გაიპრიალოთ და ბოლოს ნუნების ზეთი წაისვათ. შილაკს აქეტონი არ აცილებს, სპეციალური სითხეა საჭირო მის მოსაშორებლად. გაითვალისწინეთ, რომ შილაკი მხოლოდ ბუნებრივ და ჯანსაღ ფრჩხილზე კეთდება. შილაკის მანიკურის პროცედურა Nail Bar-ში 35 ლარი ღირს. სალონზეც მინდა ორიოდი სიტყვით ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო სალონია, გემოვნებით მოწყობილი, თუმცა საოცრად შეუსაბამო რუსული სიმღერები იყო ჩართული. მომსახურე პერსონალიც მომეწონა.
სამწუხაროდ, შილაკის ფერების დიდი არჩევანი არ აქვთ. ფაქტიურად, მხოლოდ მკვეთრი ფერები (ძირითადად წითელის ტონალობები) და ფრენჩი ქონდათ, ისიც ძალიან ცუდი თეთრი. ასე გამოიყურებოდა ჩემი ფრჩხილები შილაკის გაკეთების დღეს, მას შემდეგ 10 დღე გავიდა, მაგრამ ისევ ასე გამოიყურება ჩემი მანიკური. სხვა ლაკებისგან განსხვავებით შილაკი ძალიან პრიალებს.
შილაკი ესაა მდედრი მწერის სახეობის მიერ გამოყოფილი ხის ფისი. ლაკის მწერი, რომელიც ინდოეთსა და ტაილანდში ხეებზე ბინადრობს, იწოვს მცენარისგან სითხეს და თავადაც გამოყოფს ფისს, ბუნებრივ ლაკს, რისი საშუალებითაც ის და მისი კვერცხები მცენარეს ეწებებიან. მწერების პოპულაცია მთელ ხეს ედება. ადამიანები ხეებს ფისს აცლლიან, სხვადასხვა მეთოდით ასუფთავებენ და ყიდიან. ფისი, იგივე შილაკი სხვა დარგებთან ერთად, გამოიყენება კოსმეტიკაში.

Thursday, February 10, 2011

სასიამოვნო სიახლეები და ერთი წელი Hairhaus-ში

რა არის იმაზე სასიამოვნო, როცა სალონში ჩვეულებრივ მიდიხარ და ულამაზესი მძივებით, თმისამაგრებით, ბეჭდებით, საყურეებით სავსე კალათს გახვედრებენ, გეუბნებიან, რომ ამოირჩიო რომელი მოგწონს. ნივთს საჩუქრად იმის გამო იღებ, რომ უკვე რამდენჯერმე ეწვიე. ასეთ სასიამოვნო სიახლეს სალონი "Hairhaus" გვთავაზობს. არადა, ისე სწრაფად გადის ეს ვიზიტები, ისე სწრაფად ვავსებ მათ დაგროვებით ბარათებს, ვერც კი ვიგებ.

"Hairhaus" ცოტა ხნის წინ ამ სალონთან ურთიერთობის ერთი წელი შემისრულდა. აქ ვიკეთებ ყველაფერს, თუმცა ყველაზე აქტიურად მაინც ფრჩხილებს. დაახლოებით 10 დღეში მჭირდება გაკეთება, თუმცა ლაქი, ფრჩხილებზე მზურველმა ქალმა 3-4 დღეში უნდა მოიცილოს, მაგრამ უნდა გავამხილო, რომ ისე ხარისხიანად აკეთებენ მანიკურს, უმეტესად ახალ გაკეთებამდე მაქვს ხოლმე დატოვებული, რადგან საერთოდ არ ფუჭდება, თუ არ მოვინდომე და სულ წყალში არ მქონდა ხელი :)

თანაც ლაქის ქვეშ დამცავს უსვამენ, აქვთ ხარისხიანი და განსაკუთრებით ხარისხიანი ლაქები,ხატავენ ულამაზესად, რაც მთავარია, ნახატის გაკეთება მანიკურს ფასს არ მატებს. შენ თვალწინ ასტერილებენ და იარაღები აბსოლუტურად უსაფრთხოა, რისთვის ვიყიდე ჩემი იარაღები არ ვიცი, ტყუილად მიდევს სახლში, მაინც სალონის იარაღებით ვსრაგებლობ. ჰოდა, მეტი რა უნდა უნდოდეს მანიკურის მოყვარე ქალს :) მეც დავდივარ და ვიკეთებ :)

ჩემთვის მანიკურის გაკეთება უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც ულამაზეს შედეგს ტოვებს და ქალს ქალურობას და თავდაჯერებულობას მატებს. მიჩენს თავის მოვლის სურვილს და მახალისებს.
ერთი წლის განმავლობაში ჩემი ფრჩხილები იმდენად ლამაზი და განსხვავებული იყო, ფოტოებს ვუღებდი და ახლა სიამოვნებით ვიხსენებ ყველას :) რამდენიმე ნახატიანს თქვენც განახებთ. ფრჩხილებისთვის სურათის გადაღება რთული საქმეა, ამიტომ მთლად ხარისხიანი არ გამოდის ხოლმე, მთავარია დაახლოებით ჩანს როგორია...
დღევანდელით დავიწყებ.










შეაფასეთ და გამოთქვით აზრი:)

Monday, December 27, 2010

საახალწლო Nair Art

საახალწლო განწყობის მაქსიმალურად შესაქმნელად ფრჩხილების მოხატვა მშვენიერი საშუალებაა. google-ში ამ თემაზე რამდენიმე საინტერესო ფოტო ვნახე და თქვენც გაგიზიარებთ.














Saturday, May 22, 2010

საინტერესო ცნობები მანიკურის შესახებ


სიტყვა მანიკური (manicure) ლათინური სიტყვა და ხელის მოვლას (manus- ხელი, cura-მოვლა) ნიშნავს.
მანიკურის ისტორია 5000 წელს ითვლის!
ძველ ინდოეთში მას ინით აკეთებდნენ.
ისტორიული პირებიდან ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ბუნებრივი ფრჩხილების პატრონი ჩინეთის მეფის ქვრივი Cixi ყოფილა.

ფრანგული მანიკურის საიდუმლო


ბოლო დროს მუდმივად ვიკეთებ ფრანგულ მანიკურს (სხვადასხვა ნახატით). ისე შევეჩვიე ფრჩხილების ასე გაკეთებას, რომ სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია. დღეს მინდა ფრანგულ მანიკურზე ცოტა ვრცლად გესაუბროთ.

ფრანგული მანიკურის შესახებ მოდის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფრანგული მანიკური მოძველებულია და მისი პოპულარობის დრო გადის, ხოლო ზოგიერთი კი იმ აზრს იზიარებს, რომ ფრანგული მანიკური არის კლასიკური, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან.

მოდის ექსპერტები ფრანგული მანიკურის პოპულარობის მიზეზად მის სიმარტივეს და ბუნებრივ სახეს ასახელებენ. ფრანგული მანიკური იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი ფრჩხილები ყოველთვის სუფთად, ბუნებრივად, სადად და ამავე დროს, მოვლილად გამოიყურებოდნენ.

ჩემი გამოცდილებით, ეს უფრო დიდხანს ნარჩუნდება ფრჩხილზე, ვიდრე ფერადი ლაქები. გარდა ამისა, ფრანგული მანიკური ყველა სტილს და ფერს უხდება, რაც ძალიან მოსახერხებელია.

ფრანგული მანიკურის ისტორია საკმაოდ რთულია. ზოგი მიიჩნევს, რომ თეთრწვერიანი ვარდისფერი ფრჩხილების მოდა საფრანგეთში 1800-იან წლებში დაიწყო... უდაოა, რომ საფრანგეთში, მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდში ფრანგული მანიკური საკმაოდ გავრცელებული იყო. მანიკურის წარმოებით ამერიკული დიზაინერები დაკავდნენ. 1930-იან წლებისთვის მანიკურის პოპულარიზაციას ზოგი Max Factor-ს მიაწერს... 1978 წლიდან ქალებს ფრანგული მანიკურის გაკეთებას ORLY უადვილებს. ის მანიკურისთვის საჭირო ნივთების აბგებს უშვებს. აი, რას წერს კომპანიის პრეზიდენტი ჯეფ ფინქი.

„ფრანგული მანიკურის იდეა წამოვიდა მაშინ, როცა მე დავბრუნდი ORLY-ში, 1975 წელს. კინოსა და ტელევიზიის ხელმძღვანელებს სურდათ ჰოლივუდის ვარსკვავების ფრჩხილები განსხვავებული სახით წარმოეჩინათ. მე დავიწყე ფრჩხილების წვერზე თეთრი ხაზის გამოყენება და ვარსკვლავებმა ის აიტაცეს. მე მივხვდი, რომ ყველაზე მშვენიერი და ელეგანტური ფრჩხილების ბუნებრივი სახით წარმოჩენაა“.

Thursday, April 22, 2010

New Nail Polish That Doubles As Art


ეს საინტერესო დიზაინის ლაქი სულ ცოტა ხნის წინ, StrangeBeautiful Library of Color-ის შექმნელმა Jane Schub-მა შექმნა. ლაქი ორი მხრიდან “იხსნება.“ ავტორი ფიქრობს, რომ ლაქი ყველა ფრჩხილს დაამშვენებს და ყველასთვის თავმომწონეობის ობიექტი გახდება.

Friday, April 2, 2010

თუ ფრჩხილები გემტვრევათ....


ჩემმა ფრჩხილებმა ვერ აიტანეს გაზრდა და დამეწყო დამტვრევა. თქვენც გაგიზიარებთ რჩევებს, რაც მე მომცეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 

1. ზღვის მარილის აბაზანები _ ზღვის მარილი ყველა აფთიაქში იყიდება, მე 'ავერსში' ვიყიდე, 'დოლივას' მარილი, 7 ლარი ღირდა. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. 

2. იოდი _ საღამოს ლაქმოცილებულ ფრჩხილზე წაისვით ბამბით ძილისწინ, წყალთან შეხება რომ აღარ მოგიწიოთ. თავიდან ყვითელი იქნება, მაგრამ დილას ჩველებრივ თეთრი ფრჩხილები დაგვხვდებათ. ეს უნდა გააკეთოთ კვირაში ერთხელ.
იოდი 50 თეთრი ღირს აფთიაქებში :)

3. ლიმონი _ გაჭერით ლიმონი და ჩადეთ თითები. 

ასევე კარგი დაშუალებაა ფრჩხილის დამცავი, რომელიც კალციუმს შეიცავს. ორიფლეიმს აქვს როგორც ვიცი. 7 ლარი ღირს. დამცავი ლაქის ქვეშაც შეგიძლიათ წაისვათ და ლაქის გარეშეც. 

მე მგონი ჩემმა მკურნალობამ გაჭრა, საგრძნობლად მაქვს ფრჩხილები გამაგრებული. 

p.s.
ფრჩხილების გასამაგრებლად ვიყიდე ლაქი ORLY-ის, nail builder with Calcium აწერია. 9 ლარი ღირდა ვაგზალთან კოსმეტიკის მაღაზიები როა, მანდ.

Tuesday, February 2, 2010

უფრო მეტი ვიდრე სალონი


ბანალური, გაცვეთილი ნათქვამია, გეთანხმებით, მაგრამ ასე ზუსტად სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც გუშინ Hairhaus-ში დამიგროვდა. დილას ჩვეულებრივ მივედი ფრჩხილებზე, ფრენჩი გავიკეთე, გადაკვეთის ხაზზე ოქროსფერი ხაზით. სახლში რომ მოვედი, ჩემს დას ძალიან მოეწონა, თვითონაც მოუნდა გაკეთება და გავყევი გასაკეთებლად. ცოტა ხანში მე კიდევ სხვანაირად მომინდა და ეკამ დილანდელი გამაშორა და თავიდან გამიკეთა. ამაშობაში დასავარცხნად მოვიდა ჩვენი მეგობარი, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სალონის ადმინისტრატორმა ქეთიმ მოულოდნელად საჩუქრად შემოგვთავაზა, რომ რომელსაც გვინდოდა, თმას უფასოდ დაგვვარცხნიდა. მოკლედ, ერთის ფასად ორმა დავივარცხნეთ. ქეთიმ თვითონ დამვარცხნა ძალიან კარგად, ისე რომ მეორე დღესაც მშვენივრად მქონდა და უპრობლემოდ გავედი სახლიდან, როცა ერთ დღეზე მეტხანს ვერ ძლებს ჩემი თმა დაუბანელი.
მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია ამ სალონის ხალხთან ვმეგობრობ, ისეთი უშუალოები არიან, სულ ცდილობენ რამით გასიამოვნონ, გაგახარონ, ბედნიერი გაგხადონ. უკვე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არსებობსდეს თბილისში Hairhaus და სხვა სალონში წახვიდე.
ვისაც ჰგონია, რომ ვაჭარბებ, შეუძლია თავად დარწმუნდეს სალონში ვიზიტით.

არ იფიქროთ რეკლამის გაკეთება მინდოდეს, უბრალოდ მე და ჩემი და ისეთი აღფრთოვანებულები ვართ... :D

Monday, January 11, 2010

Hairhaus 2


ფრჩხილების გაკეთება დავიწყე ადამიანურად, მომილოცეთ! სურათზე კარგად არ ჩანს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. Hairhaus-ში გავიკეთე. გაკეთებამდე ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, ჯერ იარაღები ვიყიდე, მერე ფრჩხილები ცოტა გავიზარდე, ცუდად მქონდა დაჭრილი. ეკამ კიდევ იყოჩაღა და რაღაც ფორმა მისცა. ნელ-ნელა დავხვეწავო, დამანუგეშა... ერთ კვირაში უნდა მივიდე და ველოდები როდის გავა ეს დრო... თვითონ გაკეთების პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. ეკამ ისე გამიკეთა, სისხლი საერთოდ არ წამომსვლია და არც მტკენია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ, საყვარელი პატარა ბურთულები ეყარა, ერთი განსაკუთრებით მომეწონა და ეკა სახლში მატანდა, აქ იყოს და ჩემი იყოს-მეთქი, დავტოვე :))) თითქმის ერთი საათი ვიჯექი, რადგან პირველად ვიკეთებდი და თან რამდენჯერმე ტელეფონზე დამირეკეს და შევაწყვეტინე, მოკლედ, ისე გავიდა დრო, ვერც ვიგრძენი.

ძალიან სასიამოვნო გარემოა თვითონ სალონში, სისუფთავე, რაც მთავარია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ ფრჩხილების გაკეთებისას, პარკი იყო ჩაფენილი და წყალი ისე ესხა. ერთი-ორჯერ სხვაგან, მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ სალონში გავიკეთე და იქ პირდაპირ ჯამში ჩამაყოფინეს თითები. მოკლედ, თუ ვინმე ხართ დარჩენილი, ვინც ჯერ არ ყოფილხართ Hairhaus-ში, აუცილებლად ეწვიეთ, არ ინანებთ!

Tuesday, January 5, 2010

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან :) ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.
მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია...

p.s. დაკვალიანებისთვის მადლობა Hairhaus-ის მანიკურშას, ეკას :)