Friday, January 15, 2010

პირველი პომადა და სასაჩუქრე ბარათი


გუშინ პირველად მაჩუქეს ისი-პარის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და დღეს დილითვე წავედი მაღაზიაში. კონკრეტულად არ მქონდა გადაწყვეტილი რისი ყიდვა მინდოდა, დაახლოებით კი ვფიქრობდი, რომ კოსმეტიკა იქნებოდა, რადგან სუნამოები მაქვს რამდენიმე და მაინც არც ერთს არ ვხმარობ ხშირად. ბოლო დროს მომინდა, რომ მქონდეს პომადა, აქამდე არასოდეს მიხმარია, მარტო ბლესკები მქონდა და მასაც იშვიათად ვისვამდი. პომადა დიდი გოგოების საგანი მეგონა, ეტყობა დიდი გოგო გავხდი :) ვიყიდე 1 სრულფასოვანი პომადა და ორი მოპომადო ელემეტი, უფრო ბალზამებია, ერთის დიზაინი მომეწონა და ერთის - სუნი :) სამივე ვარდისფერი, კიდევ სახის დასაბანი და ჩემი დისთვის ტონალური კრემი. სამწუხაროდ, ფასდაკლება დასრულებული დამხვდა და ფულის დამატება მომიწია, მაგრამ არაუშავს, უფრო დიდი ნაწილი მაინც უფასოდ წამოვიღე.
კარგი რამეა უფასოდ რომ არჩევ, კიდევ არ ვიტყოდი უარს :)
არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა საგრძნობლად გაზრდილია ისი-პარიში ფასები, დაახლოებით მახსოვს რაში რამდენი მაქვს გადახდილი წინა წლებში და წელს იგივე პროდუქტებს ბევრად დიდი ფასები ედო.
ხო, კიდევ, გათამაშების ბილეთები გუშინ გამიხდა 12 ცალი და პეჟოს მოგება წელსაც მინდა :)

Monday, January 11, 2010

Hairhaus 2


ფრჩხილების გაკეთება დავიწყე ადამიანურად, მომილოცეთ! სურათზე კარგად არ ჩანს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. Hairhaus-ში გავიკეთე. გაკეთებამდე ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, ჯერ იარაღები ვიყიდე, მერე ფრჩხილები ცოტა გავიზარდე, ცუდად მქონდა დაჭრილი. ეკამ კიდევ იყოჩაღა და რაღაც ფორმა მისცა. ნელ-ნელა დავხვეწავო, დამანუგეშა... ერთ კვირაში უნდა მივიდე და ველოდები როდის გავა ეს დრო... თვითონ გაკეთების პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. ეკამ ისე გამიკეთა, სისხლი საერთოდ არ წამომსვლია და არც მტკენია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ, საყვარელი პატარა ბურთულები ეყარა, ერთი განსაკუთრებით მომეწონა და ეკა სახლში მატანდა, აქ იყოს და ჩემი იყოს-მეთქი, დავტოვე :))) თითქმის ერთი საათი ვიჯექი, რადგან პირველად ვიკეთებდი და თან რამდენჯერმე ტელეფონზე დამირეკეს და შევაწყვეტინე, მოკლედ, ისე გავიდა დრო, ვერც ვიგრძენი.

ძალიან სასიამოვნო გარემოა თვითონ სალონში, სისუფთავე, რაც მთავარია. ჯამში, სადაც ხელს ვყოფთ ფრჩხილების გაკეთებისას, პარკი იყო ჩაფენილი და წყალი ისე ესხა. ერთი-ორჯერ სხვაგან, მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ სალონში გავიკეთე და იქ პირდაპირ ჯამში ჩამაყოფინეს თითები. მოკლედ, თუ ვინმე ხართ დარჩენილი, ვინც ჯერ არ ყოფილხართ Hairhaus-ში, აუცილებლად ეწვიეთ, არ ინანებთ!

Saturday, January 9, 2010

GIGI MEDICAL


გუშინ კანის ექიმმა GIGI MEDICAL Derma clear დამინიშნა. პირველად გავიგე ამ ბრენდის შესახებ და გადავწყვიტე თქვენც გიამბოთ. საკმაოდ დიდი ფასი აქვს და თბილისში მხოლოდ ორ ადგილას იყიდება (აღმაშენებლის და კარგარეთელის ქუჩაზე). პროდუქტი გათვლილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.
ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს... ისრაელში მზადდება 1957 წლიდან. კრემების ანოტაცია არაჩვეულებრივ შედეგს მპირდება, ათი დღით მაქვს დანიშნული და ვნახოთ რა იქნება :)

Tuesday, January 5, 2010

ფრჩხილების იარაღები

ალბათ, დამეთანხმებით, რომ რაც უნდა სანდო სალონში იკეთებდეთ ფრჩხილებს, სალონის იარაღების გამოყენება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ამ ეჭვებისგან გათავისუფლება მარტივად შეიძლება,თუ თავად შეიძენთ საჭირო იარაღებს. ეს ყველაფერი 75 ლარი დაგიჯდებათ და კარგა ხანს გამოგადგებათ. თუმცა, ყველა იარაღს ნუ ენდობით. იმათაც კი, რომელთაც აწერია, რომ პროფესიონალურია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, ყველას არ ენდოთ.

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ნამდვილად პროფესიონალურ იარაღებს მხოლოდ ვაგზლის ბაზრობაზე, ერთ ადგილზე შეიძენთ, სულ დაგჭირდებათ კუსაჩკა, მაკრატელი, ქლიბი და ლაფატკა ანუ ამოსაფხეკი. უფრო ზუსტად:
1. კუსაჩკა YES SOLINGER 5642, 35 ლარი;
2. ნუნების მაკრატელი YES SOLINGER 5067, 30 ლარი;
3. ქლიბი 42340, 5 ლარი;
4. ლაფატკა ZINGER CLASSIC, 5 ლარი;

ეს იარაღები ვინმე დათოს ჩამოაქვს და ვაგზლის ბაზრობაზე იყიდება ედიკასთან :) ადვილი მისაგნებია, ბაზრობაზე ტანსაცმელი რომ მთავრდება, ჭურჭელის ხაზში, მეორე თუ მესამე დახლთან ზის ეს კაცი.
მას შემდეგ რაც იარაღებს შეიძენთ, ზემოთ ნახსენები ვინმე დათო გაგილესავთ, რაც დაგიჯდებათ 24 ლარი. პერიოდულად დასჭირდება ხოლმე გალესვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სიხშირით გამოიყენებთ იარაღებს.
ერთი თვის წინ მე რომ ვეძებდი ამ თემაზე ინფორმაციას, მაშინ ინტერნეტში ვერაფერი ვიპოვე სანუგეშო. იმედია, თქვენ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია...

p.s. დაკვალიანებისთვის მადლობა Hairhaus-ის მანიკურშას, ეკას :)

Saturday, January 2, 2010

Hairhaus


ხუთშაბათს hairhaus-ში პირველად ვიყავი და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გაგიზიაროთ. საერთო ჯამში, კმაყოფილი დავრჩი, ქეთი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ყურადღება არ მოეკლო და თავი კარგად მეგრძნო.მეგონა უკვე დიდი ხანია ამ სალონში დავდივარ და ყველას კარგად ვიცნობ. თუმცა, უფრო კონკრეტულად ჩამოვწერ რა მომეწონა და რა არა...

მომეწონა:
1.ნანა, რომელმაც თმა შემაჭრა ზედმეტი ინიციატივების გარეშე, მშვენივრად, საქმიანად, სასიამოვნოდ... მადლობა ნანას :);
2. ყურადღება თითოეული კლიენტისადმი;
3. სისუფთავე;
3. სხვა სალონებისგან განსხვავებით, არ გამიგონია ვინმე რომ გაეჭორათ და არც სიგარეტის სუნი ტრიალებდა.
4. დაბალი ფასები;
5. ყოველი მე-7 უფასო ვიზიტი;
6. მდებარეობა (სახლიდან 2 წუთში მივედი);

არ მომეწონა:
1.თითქმის 15 წუთი მომიწია ლოდინი (ამ დროში მოვასწრებდი ტონალურის წასმას ან საინფორმაციოსთვის მუსიკის შერჩევას...). ლოდინს ყველაზე მეტად ვერ ვიტან, იმიტომ, კი არა, რომ უსაზღვროდ დაკავებული ვარ, უბრალოდ თავს უპატივისცემულოდ ვგრძნობ, მერე რაც არ უნდა გემრიელი ყავა მომიტანონ... ალბათ, ეს იშვიათად ხდება, ორშაბათს კიდევ რომ მივალ, ვნახავ :)
2. ზედმეტი ინიციტივები და შემოთავაზებები. როცა ვამბობ, რომ მყავს კანის ექიმი და კოსმეტოლოგი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, უაზროდ მიმაჩნია თავიანთი კოსმეტოლოგების შემოთავაზება. ამის გამო ძალიან ბევრი სალონი მივატოვე. როცა მხედავდნენ, რომ პრობლემური კანი მქონდა, იწყებდნენ ჩვენ ასე-ისე გაგისუფთავებთ სახესო. ეს ყველაზე ძალიან მაღიზიანებს!
3.არ არის საჭირო ხშირ-ხშირად შემახსენონ: აი, რა კომფორტული გარემო გვაქვს, ჩვენთან ხომ კარგია და მსგავსი შინაარსის ფრაზები, ვიტყვი, არ მომერიდება :)
4.არასაქმიანი გარემო (ეს შეიძლება ახალი წლის გამო იყო)

ინტერნეტში რაც ამ სალონზე წავიკითხე, მარტო სალონის ქება მესმის. მე PR ტექნოლოგიები არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა რამეს რეკლამას უკეთებ, მის ნაკლზე ცოტა მაინც უნდა ისაუბრო, თორე ზედმეტი მოლოდინი ხშირად იწვევს იმედგაცრუებას.
ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ მშვენიერი სალონია, მით უმეტეს, თუ საბურთალოები ხართ და ჩემსავით თმას ხან სად იკეთებთ, ხან სად. ორშაბათს კიდევ მივდივარ და იმედი მაქვს, ამჯერად ნაკლებად სასიამოვნო შეგრძნებები გამიქრება :)

p.s. ფოტოზე ნანაა :)

დამატება:
3-ჯერ კიდევ მივედი და არანაირი ლოდინი, არც რამე შემოთავაზებები, ძალიან თავაზიანად და სასიამოვნოდ მემსახურებოდნენ, მეც შემიყვარდა ეს სალონი და გადაწყვიტე თმაზე და ფრჩხილებზე აქ ვიარო, სახეს რაც შეეხება, ძველ კოსმეტოლოგს ვერ ვთმობ, ჯერჯერობით მაინც :)