Sunday, January 13, 2013

brotseuli.wordpress.com

ბევრი ვეცადე არ გადავსულიყავი wordpress-ზე, მაგრამ მაინც მომიწია. ამიერიდან გთხოვთ, ეწვიოთ brotseuli.wordpress.com

Saturday, January 5, 2013

შილაკის მანიკური

Nail Bar-ში შილაკის მანიკურის პროცედურის ვაუჩერი ისე ვიყიდე, შილაკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. Shellac Creative Nail Design (CND)-ს მიერ წარმოებული ლაქია, რომელიც მინიმუმ ორი კვირა ძლებს. ლაკი არათუ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს ფრჩხილებს. ერთ-ერთ სტატიაში ლაქის შესახებ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: The slick new polish is the buzz of the manicure industry. შილაკით მანიკურის გაკეთებას თავისი წესები აქვს, რომელიც დეტალურადაა ნაჩვენები ვიდეოში. პირველ რიგში, შილაკის გაკეთებას თუ გადაწყვეტთ, ფრჩხილები არ უნდა გაიკეთოთ კლასიკურად (ნუნების წყალში დალბობით). ნუნების მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სითხე, მაგალითად ეს ფრჩხილები გაკეთების შემდეგ შეგიძლიათ გაიშროთ სპეციალურ ლამპაში, როგორიც ნაჩვენებია ვიდეოში.ასეთი ლამპების ფასი ამაზონზე 20$-დან იწყება. ლამპის გარეშე შილაკი უბრალოდ არ შრება. ფრჩხილების გაკეთების შემდეგ, წაისვამთ ფრჩხილების დამცავს (shellac-ის Basa), შემდეგ ლაკს(ერთხელ ან ორჯერ, როგორც მოგწონთ), შემდეგ ლაკის დამცავს (Shellac top coat). რამდენჯერაც სითხეს წაისვამთ, ყოველთვის უნდა გამოაშროთ ფრჩხილები. Shellac top coat ფრჩხილებს წებოვანს გახდის, ამიტომ ფრჩხილები შეგიძლიათ აცეტონით გაიპრიალოთ და ბოლოს ნუნების ზეთი წაისვათ. შილაკს აქეტონი არ აცილებს, სპეციალური სითხეა საჭირო მის მოსაშორებლად. გაითვალისწინეთ, რომ შილაკი მხოლოდ ბუნებრივ და ჯანსაღ ფრჩხილზე კეთდება. შილაკის მანიკურის პროცედურა Nail Bar-ში 35 ლარი ღირს. სალონზეც მინდა ორიოდი სიტყვით ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო სალონია, გემოვნებით მოწყობილი, თუმცა საოცრად შეუსაბამო რუსული სიმღერები იყო ჩართული. მომსახურე პერსონალიც მომეწონა.
სამწუხაროდ, შილაკის ფერების დიდი არჩევანი არ აქვთ. ფაქტიურად, მხოლოდ მკვეთრი ფერები (ძირითადად წითელის ტონალობები) და ფრენჩი ქონდათ, ისიც ძალიან ცუდი თეთრი. ასე გამოიყურებოდა ჩემი ფრჩხილები შილაკის გაკეთების დღეს, მას შემდეგ 10 დღე გავიდა, მაგრამ ისევ ასე გამოიყურება ჩემი მანიკური. სხვა ლაკებისგან განსხვავებით შილაკი ძალიან პრიალებს.
შილაკი ესაა მდედრი მწერის სახეობის მიერ გამოყოფილი ხის ფისი. ლაკის მწერი, რომელიც ინდოეთსა და ტაილანდში ხეებზე ბინადრობს, იწოვს მცენარისგან სითხეს და თავადაც გამოყოფს ფისს, ბუნებრივ ლაკს, რისი საშუალებითაც ის და მისი კვერცხები მცენარეს ეწებებიან. მწერების პოპულაცია მთელ ხეს ედება. ადამიანები ხეებს ფისს აცლლიან, სხვადასხვა მეთოდით ასუფთავებენ და ყიდიან. ფისი, იგივე შილაკი სხვა დარგებთან ერთად, გამოიყენება კოსმეტიკაში.

Saturday, September 22, 2012

წამწამების დაგრძელება

რადგან ტუშის მოხმარება წესიერად ვერ ვისწავლე, გადავწყვიტე წამწამები დამეგრძელებინა. წამწამების დაგრძელების ორი გზაა: კონებით და სათითაო ღერების დაგრძელება. მე ნატალიში გავიკეთე კონებით დაგრძელება. პროცესი უმტკივნეულოა, თუმცა თვალები არ უნდა დამეხამხამებინა და ეს ცოტა უსიამოვნო იყო. სულ 5-5 კონა გავიკეთე, 10-15 წუთი დამჭირდა და 20 ლარი გადავიხადე. საცალო დაგრძელება 1 ცალი 1 ლარი ღირს, თუმცა, როგორც მითხრეს, დიდი დრო მიაქვს. ჩემი წამწამებმა დაახლოებით 10 დღე უნდა გაძლოს, მთავარია, წყალი არ უნდა მივიკარო. ერთ თვალზე ცოტა მაწუხებს "ერთი კონა წამწამი" :) მაგრამ იმედია, შევეჩვევი :)

Tuesday, September 4, 2012

საუნას წესები

დღეს საუნაში ერთმა გოგომ ძალიან შემაშინა - რამდენიმე დღის წინ ერთ გოგოს საუნა აუფეთქდაო. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, იმ გოგოს, ვისაც საუნა აუფეთქდა, მთელი ჯამით დაუსხამს წყალი. როგორც ამიხსნეს, საუნას წყალი ცოტ-ცოტა უნდა დავასხათ. დღეს ასევე გავიგე, რომ საუნაში ტანზე პირსახოცმოხვეული არ უნდა შევიდეთ, რადგან დაფარული ნაწილიდან წყალი არ გამოიყოფა ეფექტურად. სამაგიეროდ, თმა აუცილებლად უნდა იყოს დაფარული. და ასევე, საუნაში შესვლის წინ ცივი წყალი არ უნდა გადავივლოთო. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა. საუნააზე ასევე შეგიძლიან წაიკითხოთ ჩემს ერთ-ერთ ძველ პოსტში.

Friday, August 31, 2012

განახლებული "კოსმეტიჩკა"

ბოლო დრომდე ჩემი მაკიაჟი ტონალურით შემოიფარგლებოდა, თუმცა რაც აქეთ-იქით ფრენებს ვუმატე, ჩემს მაკიაჟში ცვლილებები შევიდა. ტრანზიტული ფრენისას დიდი შუალედი თუ მაქვს, ჩემი საუკეთესო გასართობი კოსმეტიკის მაღაზიებია. ამ დროს უამრავ ექსპერიმენტს ვატარებ. შეიძლება იმ დროს ბევრი რამის ყიდვა ვერ მოვახერხო (მით უფრო თუ უკვე საქართველოში ვბრუნდები და საფულე დაცარიელებული მაქვს), მაგრამ რაღაცებს ვარჩევ და მერე ზოგს თბილისში ვყიდულობ, ზოგის ყიდვას მომავალი მოგზაურობისთვის ვგეგმავ. ორი თვის წინ აღმოვაჩინე, რომ წითელი პომადა მიხდება და მინდოდა მქონოდა და თბილისში ეს პომადა შევიძინე.
ახლა ტუშს დავადგი თვალი და აი, გაიცანით ჩემი ახალი ნივთი, რომლის მოხმარების წესებს ჯერჯერობით კარგად ვერ ვფლობ :)
რატომღაც შიდა ფრენის დროს არ გავითვალისწინე, რომ სითხე არ დამეტოვებინა ხელჩანთაში. როცა აეროპორტში ჩანთის შემოწმებისას მკითხეს რაიმე სპრეი ხომ არ მქონდა, მაშინ გამახსენდა ჩემი "კოსმეტიჩკა", საბედნიეროდ მხოლოდ ბიოდროგას ახლადნაყიდი სახის დასაბანის გადაგდება მომიწია. სანაცვლოდ, გირლიანის დასაბანი შევიძინე, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და რომ გამითავდება, სავარაუდოდ, თბილისში მომიწევს ყიდვა, რაც ძალიან არ მსიამოვნებს, რადგან რატომღაც მგონია, რომ ერთი და იგივე კოსმეტიკა თბილისის და ევროპის მაღაზიებში განსხვავდება ხარისხით. თუმცა ფასში დიდი სხვაობა არ არის, 32 ევრო ღირდა იქ და აქ, თუ სწორად მახსოვს, 84 ლარი ღირს.
ასევე შევიძინე ბიოდროგას ტონალური და დამატენიანებელი. უკვე 3 თუ 4 წელია რაც ამ ტონალურს ვხმარობ და ვერ წარმომიდგენია სხვა ტონალურზე გადასვლა.
ასევე შევიძინე თვალის ცისფერი ჩრდილი, თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი, სხვადასხვა ფუნჯები და მეტ-ნაკლებად მზად ვარ მაკიაჟის გასაკეთებლად :) ძალიან მინდა, რომ ვიყიდო დიორის ახალი სუნამო Addict to Life. ჩვენთან 160 ლარი ღირს 50-იანი, თუმცა მგონია, რომ აქ ყიდვა არ ღირს. იმედია, მალე მომიწევს სადმე წასვლა მე ან ჩემს მეგობრებს და შევმატებ ჩემს კოსმეტიჩკას.

Friday, July 6, 2012

Chanel cosmetic bag

დღეს ასეთი საჩუქარი მივიღე :)

Monday, July 2, 2012

ეპილაცია ზაფხულში

ზაფხულის ცხელ დღეებში ეპილაციის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ელექტრო ეპილაციის გაკეთების შემდეგ მზეზე გასვლა არ შეიძლება, ლაზერულს გარუჯვამდე 1 თვე და გარუჯვის შემდეგ ორი კვირა ვერ ვიკეთებთ. ამიტომ მომიწია კრემ-დეპილატორი მეცადა. ყველაფერი წესების დაცვით გავაკეთე, თავიდან კრემზე ტესტი ჩავიტარე, კანზე წავისვი და 24 საათი დავაკვირდი, მეორე დღეს კრემი 7 წუთი გავიჩერე და ჩხირით ჩამოვიფხიკე. პირველ დღეს კრიალა კანი მეორე დღეს შავმა წერტილებმა შეცვალა და მესამე დღეს უკვე თმა ამოვიდა. იგივე ეფექტი აქვს, რაც გაპარსვას, ამაზე საშინელი თმის მოცილების საშუალება არ ყოფილა. ჩემი გამოცდილებით ზაფხულში ყველაზე კარგი საშუალება ახევა ან ეპილატორით თმის მოცილებაა.